„დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეზოლუციით „ლობიზმში ჩართული დეპუტატები“ შეურაცხყოფას აყენებენ, არამხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ, თავად ევროპულ ინსტიტუტებს.
„დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას და სიმართლეს ეფუძნება.
ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი. კრიმინალი, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში წამების, მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, ადამიანების ჩაგვრის და გაუპატიურების მანკიერი სისტემა შექმნა. თურმე უნდა გავათავისუფლოთ სააკაშვილი, რომელმაც ტერიტორიების 20% შეგნებულად, მიზანმიმართულად ჩამოაჭრა საქართველოს და ქვეყანა სიღარიბის ჭაობში ჩაფლო,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
„რაც შეეხება საკითხს რეზოლუციაში „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან“ დაკავშირებით - ეს აბსურდული ჩანაწერი გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, როგორმე მოსახლეობაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, დააბნიონ საზოგადოება, რათა შემდეგ გაამძაფრონ საპროტესტო მუხტი. საზოგადოებას მინდა მივმართო, არ მოტყუვდეთ მეგობრებო, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. მინდა იცოდეთ, რომ ამის მექანიზმი არ არსებობს. ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, არამედ, ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ექსპერტ კახა გოგოლაშვილის განმარტებით, საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით, ხოლო საკითხის შესწავლის შემდგომ (თუ დადასტურდა გაუქმებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა) - კიდევ 18 თვით.